ოსი სეპარატისტები საქართველოსა და ცხინვალის რეგიონს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის გადალახვისათვის ე. წ. სახელმწიფო ბაჟის დასაწესებლად ემზადებიან. მათი განცხადებით, ყველა ადამიანი, რომელიც არ იქნება ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქედ ჩაითვლება და საზღვრის გადაკვეთისას ბაჟს გადაიხდის. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"სამხრეთ ოსეთის ე. წ. შს სამინისტროს საიმიგრაციო სამსახური საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის უცხოელი მოქალაქეებისთვის სახელმწიფო გადასახადის დაწესებისთვის ემზადება", _ განცხადება ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს საიმიგრაციო კონტროლის თავმჯდომარემ სოსლან ტიგიევმა გააკეთა.
"სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს საიმიგრაციო სამსახური ლენინგორის (ახალგორის) რაიონის მცხოვრებლებს ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, რომ დაწესდა ერთთვიანი ვადა სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტის ასაღებად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ის მოქალაქეები, რომლებსაც არ ექნებათ სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი, აღიარებულნი იქნებიან უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებად. შესაბამისად, ლენინგორში (ახალგორი) შესვლისას და გამოსვლისას მათ მოუწევთ სახელმწიფო გადასახადის გადახდა 320 რუსული რუბლის ოდენობით", _ აცხადებს თიგიევი.
მისი თქმით, ახალგორის რაიონში ყველა საჭირო დოკუმენტის მისაღებად ყველა პირობაა შექმნილი.
"მცხოვრებლებისათვის არ არის აუცილებელი ცხინვალის საპასპორტო მაგიდაში მისვლა. საცხოვრებელ ადგილზე არის საშუალება, რომ ყველა აუცილებელი დოკუმენტი მიიღო", _ აცხადებს თიგიევი.