აჭარის მთავრობა პეტრას ციხის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტს იწყებს. საწყის ეტაპზე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება, რათა პეტრას ციხის დამთვალიერებლებს ადგილზე, გარდა პანორამული ხედებისა, გასართობი და მოსასვენებელი ადგილებიც დახვდეს.
პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი მოიცავს მუზეუმის მშენებლობას, ლიმონარიუმის, სასეირენო ბილიკების, კაფე-ბარებისა და პარკინგის მოწყობას. ლიმონარიუმში დაგეგმილია სუვენირების მაღაზიების გახსნაც.
პროექტი 2 წელზეა გათვლილი, რომლის ფარგლებშიც ბიუჯეტიდან 1.7 მლნ ლარი იქნება დახარჯული.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე პეტრას ციხის ტერიტორიაზე შესვლა ვიზიტორებისათვის უფასოა, თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ ის ფასიანი გახდება. ასევე, ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას პეტრეს ციხე დამთვალიერებლებისათვის ჩაკეტილი იქნება, რაც უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარეობს.
„საქართველო ციხე-ქალაქების სიმრავლით განებივრებული არ არის. ამ მხრივ კი შეგვიძლია აჭარა გამოვყოთ, სადაც გონიოს ციხე და პეტრას ციხეა განთავსებული, რაც საინტერესო ტურისტული მიმართულებებია. პეტრას ციხე მეექვსე საუკუნის ბიზანტიური ძეგლია და გამოირჩევა თავისი არქიტექტურითა და მდებარეობით. პეტრას ნახევარი კლდეზეა განლაგებული, საიდანაც ძალიან ლამაზი ხედები იშლება.
აქ მოსული დამთვალიერებელი გარდა იმისა, რომ ლამაზი ხედებით დატკბება, აღმოაჩენს ბევრ ნასახლარს.
სამომავლოდ იგეგმება აღნიშნული ძეგლის რეაბილიტაცია-რესტავრაცია. პირველ ეტაპზე მოწესრიგდება ინფრასტრუქტურული ნაწილი, რისთვისაც 1,7 მლნ ლარი დაიხარჯება. ვფიქრობთ, რომ პეტრას ციხე 2 წელში გამორჩეული ტურისტული მიმართულება გახდება“, - აცხადებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მარიამ ხაბაზი.