ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი ე.წ. სამხრეთ ოსეთში მასშტაბური რეფორმებისა და საკადრო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით ოს სეპარატისტთა ლიდერი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სამინისტროებისა და უწყებების, საქალაქო ადმინისტრაციისა და რაიონების ხელმძღვანელებს შეხვდა.
კოკოითის განცხადებით ცვლილებები მოსალოდნელია მთავრობაში, ე.წ. საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. ამას გარდა, კოკოითის ე.წ. განკარგულებით ფინანსური შემოწმება უნდა ჩატარდეს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქალაქო ადმინისტრაციაში და რაიონულ ადმინისტრაციებში.
ამას გარდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა უკმაყოფილება გამოხატა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ზოგი ღონისძიების ორგანიზატორთა მიმართ.
"კრიტიკა შეეხო ასევე ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურს. სახელმწიფო ღონისძიებების საორგანიზაციო კომიტეტს ედუარდ კოკოითმა დაავალა უფრო პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით მოეკიდონ საქმეს.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში სამხრეთ ოსეთის მთავრობაში მალე სერიოზული საკადრო ცვლილებები განხორციელდება. მან პრემიერ-მინისტრს ვადიმ ბროვცევს დაავალა ორი თვის ვადაში შეიმუშაოს წინადადებები უწყებებში საშტატო ერთეულების შემცირების შესახებ", _ იუწყება ინფორმაციის კომიტეტი.
"ჩვენ არ გვჭირდება ხალხი რომლებიც მხოლოდ ხელფასის მისაღებად დადის. ჩვენ გვჭირდება პროფესიული, ენერგიული და კარგად მომზადებული კადრები", _ განაცხადა კოკოითმა.