გამოძიების ხელთ არსებული წინასწარი ინფორმაციით, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტზე ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებული თავდასხმა მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. განცხადება ამის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბესლან კვიწინიამ გააკეთა.
მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები, რომლებმაც უკვე იპოვეს "რპგ"-ს ტიპის (მუხა) ნაღმმტყორცნის ნარჩენი. მისივე თქმით, ასევე უკვე დადგენილია, რომ დამნაშავე ახლო მანძილიდან ისროდა.
"თავდასხმის მრავალი დეტალი მეტყველებს იმაზე, რომ ეს დანაშაული შეკვეთილი ხასიათისაა და დაზარალებულის პროფესიულ საქმიანობასთანაა დაკავშირებული", _ აცხადებს კვიწინია.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტზე ალექსანდრე ანქვაბზე მომხდარი თავდასხმის გამო "სახელმწიფო ან საზოგადო პირის სიცოცხლის ხელყოფის" მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სეპარატისტები არ გამორიცხავენ, რომ ანქვაბზე მომხდარი თავდასხმის გამოძიების საქმეში დახმარებისათვის რუსეთს მიმართონ.
გამოძიებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახური აწარმოებს.
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმა წუხელ 03.00 საათზე მოხდა. გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში, ნათესავის სახლს, სადაც ბოლო წლებია ანქვაბი ცხოვრობს, ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს. ალექსანდრე ანქვაბი ფეხშია დაჭრილი. თავად
ანქვაბის განცხადებით, უცნობმა პირებმა მის სახლს ყუმბარმტყორცნიდან გაუხსნეს ცეცხლი. ჭურვი ოთახში შევარდა, სადაც მას ეძინა.