აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს. თემა აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტზე ალექსანდრე ანქვაბზე მომხდარი თავდასხმა იქნება. სეპარატისტების ლიდერის, სერგეი ბაღაფშის განცხადებით, ანქვაბზე თავდასხმა ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებაა.
"ამჟამად გუდაუთაში მივდივარ, ამის შემდეგ, ვიწრო წრეში აფხაზეთის უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. აღნიშნული საქმის გამოძიებით ყველა ძალოვანი სტრუქტურაა დაკავებული", _ განაცხადა ბაღაფშმა რუსულ მედიასთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტზე ალექსანდრე ანქვაბზე მომხდარი თავდასხმის გამო "სახელმწიფო ან საზოგადო პირის სიცოცხლის ხელყოფის" მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სეპარატისტები არ გამორიცხავენ, რომ ანქვაბზე მომხდარი თავდასხმის გამოძიების საქმეში დახმარებისათვის რუსეთს მიმართონ.
გამოძიებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახური აწარმოებს.
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმა წუხელ 03.00 საათზე მოხდა. გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში, ნათესავის სახლს, სადაც ბოლო წლებია ანქვაბი ცხოვრობს, ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს. ალექსანდრე ანქვაბი ფეხშია დაჭრილი. თავად
ანქვაბის განცხადებით, უცნობმა პირებმა მის სახლს ყუმბარმტყორცნიდან გაუხსნეს ცეცხლი. ჭურვი ოთახში შევარდა, სადაც მას ეძინა.