სამხრეთ კალიფორნიაში, ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების ეპიცენტრი, კალიფორნიის შტატის ქალაქი რიჯქრესტია, რომელიც ლოს - ანჯელესიდან 240 კილომეტრით არის დაშორებული.
„გაგვიმართლა რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქიდან მოშორებით იყო. მიუხედავად ამისა გზები შუაზე გაიყო, და სინათლის გადამცემი ბოძები დაიშალა. დაინგრა რამდენიმე სახლი, ზოგიერთი მათგანი სინათლის ბოძების დაცემამ დააზიანა“,- განაცხადა გეოფიზიკოსმა ჯონ რანდლმა BBC-სთან საუბარში.
ერთ-ერთი დაზარალებული იხსენებს, რომ მიწისძვრა 10-15 წამს გაგრძელდა და მთლიან სახლს ძლიერად არყევდა.
„მთელი სახლი ძლიერად ირყეოდა, ეს ყველაფერი დაახლოებით 10-15 წამს გაგრძელდა. ძალიან შეგვეშინდა. თავის დასაზღვევად, ჩვენ მაინც ვემზადებით მომდევნო მიწისძვრისთვის. ნივთები პირველ სართულზე ჩავიტანეთ და გამოვრთეთ გაზმომარაგება. ალბათ, ჩვენ ამ ღამეს გარეთ გავათევთ“,- აღნიშნა რიჯქრესტის მცხოვრებმა სტეფან საიკსმა.
მიწისძვრის შედეგად მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.