რუსეთის ფედერაციას ჯარები დაღესტანში გადაჰყავს. ორგანიზაცია "სოლდატსკიე მატერი" დარწმუნებულია, რომ რუსეთი საქართველოზე თავდასხმას გეგმავს.
"ეხო პეტერბურგისთვის" მიცემულ ინტერვიუში სამხედრო მოსამსახურეებთან მუშაობის კოორდინატორი სვეტლანა უტკინა აცხადებს, რომ წვევამდელებს მასობრივად აგზავნიან დაღესტანში, მიზეზს კი აბსურდულს ასახელებენ - სოჭის ოლიმპიადისთვის მზადებას.
"ჩვენ ორგანიზაციაში ჯარისკაცების მშობლების მომართვებმა შემოსვლა დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო. მშობლები აცხადებენ, რომ მათ ვაჟებს კონტრაქტზე ხელის მოწერას აიძულებენ. ახლა ბიჭებს სამხრეთ დაღესტანში აგზავნიან, ამასთან დაკავშირებით სარდლობა აცხადებს, რომ ეს სწავლებები სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის უსაფრთხოების ფარგლებში ტარდება", - აცხადებს უტკინა.
მისი თქმით, აქ ყველაფერი სრულიად გაუგებარია. ოლიმპიადა 3 წლის შემდეგაა, ბიჭები კი, რომლებმაც სავალდებულო სამხედრო სამსახური უკვე თითქმის მოიხადეს და მათ მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩათ, ახლა მიდიან იქ.
"ერთად მათ ართმევენ ტელეფონებს, სიმბარათებს, რომ ჩვენთან კავშირი არ ჰქონდეთ. ამ სწავლებების მიზეზი სრულიად გაუგებარია", _ აცხადებს უტკინა.
ინფორმაციით, რომელიც მათ პეტერბურგელი ჯარისკაცების მშობლებმა მიაწოდეს, ჯარისკაცების გაგზავნა კავკასიაში მომდევნო კვირას იგეგმება.
"ამ უქმეებზე ჯარისკაცების მშობლებს ჯერ გამოუცხადეს - თქვენი ვაჟები სოჭის ოლიმპიური ობიექტების დასაცავად მიდიან, შემდეგ კი დაამატეს - ჩრდილოეთ დაღესტანში. რა სპორტული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს სოჭიდან ასობით კილომეტრში, ჯარისკაცებს არ უთხრეს: სამხედრო საიდუმლოაო", _ წერს რუსული პრესა.
"ვიყავი სამხედრო ნაწილში და პირადად შევესწარი სარდლობისა და სამხედროების საუბარს. სარდლობამ განაცხადა, რომ სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით სამხედროები სასიცოცხლოდ აუცილებელ ობიექტებს დაიცავენ, ყველაფერ ამას კი ნურგალიევი უხელმძღვანელებს. ცნობილი ხდება ისიც, რომ ნაღმმტყორმცნელების ბატალიონი ბოლო დროის განმავლობაში ყოველდღე რეგულარულ წვრთნას გადიოდა", _ აცხადებს ორგანიზაცია "სოლდატსკიე მატერი პეტერბურგას" პრესსამსახურის უფროსი ქსენია კირილოვა.
"სინამდვილეში ჯარისკაცებს დაღესტანში სულ სხვა მიზეზების გამო აგზავნიან", _ დარწმუნებულნი არიან ამ ორგანიზაციის წევრები. მათი ვერსიით, მიზეზია ახალი ომი საქართველოსთან, რომელსაც რუსეთი ამზადებს.
ორგანიზაცია "სოლდატსკიე მატერი პეტერბურგას" თავმჯდომარე ელლა პოლიაკოვა აცხადებს: "სცენარი ძალიან ჰგავს იმას, რომელსაც თვალყურს ჯერ კიდევ ჩეჩნეთის ომის დროს ვადევნებდით. იგივე შანტაჟი, იგივე ტყუილი. ჯარისკაცებს ინფორმაციისა და ოჯახთან კავშირის უფლებას ართმევდნენ. მეტიც, ზუსტად ასეთივე მდგომარეობა იყო საქართველოსთან წარმოებული ხუთდღიანი ომის წინ. ვშიშობ, რომ დაღესტნის გავლით ახლა შესაძლოა მზადდებოდეს საქართველოზე თავდასხმა".
აქვე შეგახსენებთ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის მიერ სულ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც სერდიუკოვმა განაცხადა, რომ "რუსეთს საქართველოს ხელში ჩაგდება ხუთ დღეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეუძლია".