ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ვრცლად არის განხილული 2009 წლის სექტემბერში გარდაცვლილი პატიმრის, უშანგი გოდელაძის საქმე. აღნიშნული ანგარიშის დეტალებზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ისაუბრა.
ჩPთ-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ 19 სექტემბერს, #7 საპყრობილეში განთავსების დღესვე, გოდელაძე უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს ჯერ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, ხოლო შემდგომ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც 21 სექტემბერს გარდაიცვალა. იმავე დღეს აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის (სსკ მუხლი) მუხლით, რაც ანგარიშის ავტორების განმარტებით, აშკარა წინააღმდეგობაში მოდის გვამზე აღმოჩენილი დაზიანებების ხასიათთან და სიმძიმესთან, რომლებიც გაუფრთხილებლობაზე უფრო, გოდელაძის მიმართ განხორციელებული ქმედებების გამიზნულ ხასიათზე მიუთითებს. დაზიანებები მიყენებული იყო სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, ანუ დაკავების (15 სექტემბერი) შემდეგ. ანგარიშში CPT-მ ხაზი გაუსვა გამოძიების არაეფექტურობას:
"თებერვალში, გამოძიების დაწყებიდან 5 თვის შემდეგ, არ იყვნენ დაკითხული ის პირები, რომლებთანაც მას შეხება ჰქონდა დაკავების შემდეგ", - აღნიშნულია ანგარიშში.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ მთავარი პროკურატურიდან 2010 წლის 23 ივნისს მიღებული ინფორმაციის მიხედვით, გოდელაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო ღუდუშაურის კლინიკის შეტყობინების საფუძველზე, რაც სახალხო დამცველის განმარტებით, კიდევ ერთხელ მოწმობს არასათანადო მოპყრობის ფაქტების მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებაზე:
"მიუხედავად იმისა, რომ #7 საპყრობილეში და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში შესვლისას დაფიქსირდა გოდელაძის სხეულზე არსებული დაზიანებები, დაწესებულების ადმინისტრაციამ არ მიიჩნია საჭიროდ ამ ფაქტის საგამოძიებო ორგანოებისათვის შეტყობინება", - განაცხადა სახალხო დამცველმა.
ცნობისათვის: წამების პრევენციის კომიტეტი არის ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციით შექმნილი ორგანო, რომელიც ახორციელებს ვიზიტებს წევრ სახელმწიფოთა თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ადგილებში წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ფაქტების აღკვეთის და პრევენციის მიზნით.