ჯერ სათანადოდ არ არის შეფასებული რა გააკეთა ზურაბ ჟვანიამ ჩვენი ისტორიისთვის, - განაცხადა კინორეჟისორმა, ლანა ღოღობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
მისი თქმით, ზურაბ ჟვანია სრულიად განსაკუთრებული მოვლენა იყო.
„ახალგაზრდა, განსწავლული. მართლა განათლებული და არაჩვეულებრივი ორგანიზატორი. იმდენი რამე იცოდა, 26 წლის იყო, როცა გავიცანი და გავოცდი მაშინ, თითქოს უკვე ეცხოვრა სხვა ცხოვრება. 26 წლის უკვე იყო, ევრო მწვანეების თანათავმჯდომარე. ვიზიონერი იყო, ნამდვილად. მან მართლა იცოდა, რა იყო საჭირო საქართველოსთვის. რა ჭირდებოდა დამოუკიდებელ, თავისუფალ, ევროპისკენ მიმავალ გზაზე შემდგარ საქართველოს და იცოდა ეს როგორ განეხორციელებინა. ზურაბ ჟვანია წარმოუდგენელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის. მას კარგად ესმოდა ფანატიზმის, რადიკალიზმის საფრთხე“, - განაცხადა ღოღობერიძემ და აღნიშნა, რომ ჟვანიამ კომპრომისზე წასვლა იცოდა და ამის მაგალითია, მიშა სააკაშვილთან მისი შეერთება.
„კომპრომისზე წასვლა იცოდა. მიშა სააკაშვილთა მისი შეერთება ნებაყოფლობითი ნაბიჯი კი არ იყო, სწორედ პრაგმატულილ ნაბიჯი იყო. იმიტომ, რომ გადაწყვიტა ასე ჯობია ქვეყნისთვის. ზურაბ ჟვანია იყო ის პოლიტიკოსი, რომელმაც იცოდა, რომ რაღაცეები უნდა შესწირო საერთო ინტერესებს და შენი პირადი შეიძლება ადვილად გასწირო იმისათის რომ, რაღაც უკეთესი გამოვიდეს ქვეყნისათვის“, - განაცხადა ღოღობერიძემ.