აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება რუსეთის ყველა მოქალაქეებისთვის, რომლებმაც გასულ წლებში აფხაზეთი დატოვეს და ახლა უკან დაბრუნება სურთ, ქონების დაბრუნების საკითხებს ინდივიდუალურად განიხილავს.
ამის შესახებ ბაღაფშმა რუს ჟურნალისტებს ცხინვალში განუცხადა.
"არავითარი უფლების დარღვევა არ მოხდება. სხვა საქმეა, როდესაც მაგალითად ადამიანი აფხაზეთიდან 1992 წელს წავიდა და 2010 წელს, 18 წლის შემდეგ სურს დაბრუნება. ეს სახლი უკვე აღარ არის, იქ სხვა ობიექტი აშენდა, ამიტომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა განიხილოს", - აღნიშნა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ სერგეი ბაღაფში დღეს ცხინვალში იმყოფება, სადაც ოსი სეპარატისტების ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადების 20 წლისთავს ესწრება.