აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში აღიარებს, რომ მიმდინარე წლის საკურორტო სეზონზე აფხაზეთს მოსალოდნელზე ბევრად ნაკლები ტურისტი სტუმრობდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბაღაფში ამის მიზეზად, აფხაზეთში ტურისტთა მომსახურების დონის კლებას ასახელებს.
"როდესაც ჩვენ უფრო მეტი ფულის გამომუშავება მოვინდომეთ, მაშინ დავინახეთ ეს მოძრაობები, თავი იჩინა ისეთმა გამოვლინებებმა როგორიცაა უზრდელობა და თავხედობა", _ განაცხადა სერგეი ბაღაფშმა პროგრამა "ვრემიას" ეთერში.
ბაღაფში ასევე აცხადებს, რომ "როდესაც ადამიანისათვის სულერთია რას იფიქრებენ მასზე დამსვენებლები და მისთვის მთავარი მისი კუთვნილი ფულის მიღებაა ასეთი მიდგომა დაუშვებელია, ვინაიდან, აფხაზეთისადმი სიყვარული საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, ხოლო ამ სიყვარულის დაკარგვა ერთი სეზონის განმავლობაში შეიძლება".
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების აზრი, იმის შესახებ, რომ ტურისტთა ნაკადის კლება აფხაზეთში რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ჩადენილმა ქმედებებმა განაპირობა მცდარია. ბაღაფში აცხადებს, რომ "რაც უფრო მალე აღიარებს საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას მით უფრო მალე დამყარდება ამ ორ ქვეყანას შორის ადამიანური და ნორმალური ურთიერთობები".
"საქართველომ თავი უნდა დაანებოს აფხაზეთთან საუბრის გარეშე იმის ყვირილს, რომ მას ამ ცხოვრებაში ნორმალურად ცხოვრებას რუსეთი უშლის", _ აცხადებს ბაღაფში.