სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაარსების 20-წლისთავს აღნიშნავს. აღნიშნული "ღირშესანიშნავი" თარიღი ოს სეპარატისტებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა მიულოცა.
ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია: "ძვირფასო დებო და ძმებო! ამ წლების განმავლობაში რესპუბლიკის ხელმძღვანელობას რთული გზის გავლამ მოუწია სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზაზე. განსაკუთრებულ გამოცდად თქვენთვის იქცა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, რომელთა შედეგად დაიღუპა და დაზარალდა უამრავი ადამიანი", _ ნათქვამია კირილის მიერ კოკოითისადმი გაგზავნილ მიმართვაში.
ამას გარდა, აღნიშნულ მისალოც წერილში კირილი, პირადად ოს სეპარატისტთა ლიდერს მიმართავს და მას "სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის საპასუხისმგებლო პოსტზე წარმატებებს უსურვებს". სრულიად ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას კი "აყვავებასა და კეთილდღეობას".