ოსი სეპარატისტები ტერორისტულ საფრთხეებზე საუბრობენ, რის გამოც ე. წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავ ორგანოებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის შს სამინისტრო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ყაზარმული მდგომარეობა გამოაცხადა. ეს განცხადება სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე. წ. შს მინისტრის პირველმა მოადგილემ ვიტალი გასეევმა გააკეთა.
მისი თქმით, ამჟამად ე. წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავები ამოწმებენ ინფორმაციას ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესაძლო ტერორისტული შეტევების შესახებ.
"სანდო წყაროებიდან მოგვაწოდეს ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესაძლო ტერორისტული საფრთხეების შესახებ. გავააქტიურეთ მუშაობა, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ტერორისტული რისკი და ექსტრემიზმის გამოვლინება სამხრეთ ოსეთს ტერიტორიაზე", _ აცხადებს გასეევი და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადამიანების მასობრივი თავშეყრისა და სანახაობრივი ღონისძიებების ჩატარების ადგილებს.
სეპარატისტებთან ყაზარმული მდგომარეობა საგანგებო ბრძანების გაცემამდე შენარჩუნდება.