სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას აფხაზეთში მონებით ვაჭრობასთან დაკავშირებით.
"რუსეთის შს სამინისტროს სამხრეთ ფედერალური ოლქის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დიდი ნაწილი სინამდვილეს არ შეესაბამება", _ ნათქვამია აფხაზეთის ე. წ. უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც რუსეთის შს სამინისტროს მთავარი სამმართველოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის საპასუხოდ გაკეთდა.
რუსეთის შს სამინისტროს მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი საუბარი იყო იმაზე, რომ ორგანიზებული ჯგუფის საქმიანობა, რომელიც ადამიანებით ვაჭრობას ეწეოდა, აღკვეთილ იქნა. კერძოდ, რუსი სამართალდამცავების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო: ორგანიზებული დამნაშავეობრივი ჯგუფი ადამიანების გადაბირებას რუსეთის ტერიტორიაზე ახდენდა. ეს ადამიანები აფხაზეთში გადაჰყავდათ, სადაც ისინი ძალისმიერი მეთოდით იყვნენ დაკავებულნი და მათ მონებად იყენებდნენ.
ამასთან დაკავშირებით, აფხაზი სეპარატისტები შეშფოთებას გამოთქვამენ და კატეგორიულად აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და აფხაზეთის ტერიტორიაზე მონები არ არიან.
"აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახური უფლებამოსილია განაცხადოს, რომ რუსეთის შს სამინისტროს სამხრეთ ფედერალური ოლქის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დიდი ნაწილი სინამდვილეს არ შეესაბამება", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ აფხაზური მხარე "გაკვირვებულია იმის გამო, თუ რატომ მოხვდა რუსეთის შს სამინისტროს ინტერნეტგვერდზე აღნიშნული ინფორმაცია".