აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი საპატიო ყარაულის სამსახურს ქმნის. ამის შესახებ გადაწყვეტილება სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიიღო, რომელსაც ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, ე.წ. პარლამენტის სპიკერი ნუგზარ აშუბა, ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა და რეჟიმის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
სეპარატისტების გადაწყვეტილებით, საპატიო ყარაული მათი ლიდერის მიერ გამართულ ღონისძიებებში, ასევე ე.წ. სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებებში და უცხო ქვეყნის დელეგაციების დახვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
ამასთან, შეხვედრაზე საპატიო ყარაულის საზეიმო ფორმების ესკიზებიც წარმოადგინეს, რომელიც აფხაზეთის ნაციონალური სამოსის მიხედვით არის შექმნილი. ბაღაფშმა საპატიო ყარაულის ფორმების ესკიზები მოიწონა.