თბილისში "აფხაზეთში დაბრუნების" მსურველთა ფონდი შეიქმნა. ფონდის მთავარი მიზანი ქართველებსა და აფხაზებს შორის სახალხო დიპლომატიური კავშირების აღდგენა და ნდობის აღორძინებაა.
"ჩვენი ფონდის მთავარი მიზანია სახალხო დიპლომატიის მაღალ დონეზე აყვანა, ფონდთან არსებული უხუცესთა საბჭოს მიერ, სახალხო დიპლომატიის საქმეში განსაკუთრებული როლის ამაღლება - ნათესაური, მეზობლური, მეგობრული და სხვა კავშირების აღდგენა. ასევე ვეცდებით გაუწიოთ მატერიალური დახმარება როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა ოჯახებს", _ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ფონდის თავმჯდომარე ოლეგ ჯოლია.
მისი თქმით, ფონდი ასევე ეცდება დაამყაროს კავშირი ქართველ საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ სხვა ეროვნების სათვისტომოებთან.
"ვეცდებით აღმოვუჩინოთ ფინანსური დახმარება, როგორც ქართველებს ისე აფხაზებს, მაგალითად, განათლების ხაზით - უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა ან ჯანდაცვის ხაზით - უფასო ოპერაციები გაკეთების შესაძლებლობა", _აცხადებს ჯოლია.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა ფონდმა საქართველოს ხელისუფლებას უკვე მიმართა წინადადებით დაიდგას საომარ კონფლიქტში დაღუპულთა (ქართველთა, აფხაზთა და სხვა ერთა) ხსოვნის ძეგლი სოფ. რუხში ენგურის ხიდთან.