დღეს, 25 მარტს, 08:30 საათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკების გაფიცვა დაიწყო.
სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები უმძიმესი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ბენეფიციარებისათვის ეფექტიანი და მყისიერი მომსახურებების შექმნას ითხოვენ. უფრო კონკრეტულად მათი მოთხოვნები არის შემდეგი:
- სოციალური მომსახურების ცენტრებში ფსიქოლოგების და იურისტების დამატება;
- სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა;
- საპროცესო წარმომადგენლობა;
- ტრანსპორტირების საკითხის მოგვარება;
- ხელფასების ზრდა, ან ცალკე თანხის გამოყოფა ბენეფიციარებთან გეგმური ვიზიტებისთვის;
ყველა სოციალური მუშაკი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დროებით, მათი მოთხოვნების შესრულებამდე, საკუთარი და მათი მხარდაჭერის იმედად მყოფი მოქალაქეების უფლებების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, უარს აცხადებენ სამუშაო მოვალეობის შესრულებაზე და იფიცებიან.
აღნიშნულის პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააგენტოში დასაქმებული კონკრეტული პირები, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ადამიანები, ზეწოლას ახორციელებენ სოციალურ მუშაკებზე და გაფიცვაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში მათ სხვადასხვა სახის უარყოფითი შედეგებითა და პასუხისმგებლობების დაკისრებით ემუქრებიან.
შეგახსენებთ, რომ სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ 2019 წლის 8 თებერვალს დაიწყეს. თვენახევრიანი მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა.