აფხაზი სეპარატისტები იმ ქართველი დევნილების უფლებებზე ალაპარაკდნენ, რომლებსაც მათი თქმით - აფხაზეთში დაბრუნების უფლება აქვთ. ისინი ასევე აცხადებენ, რომ უკლებლივ ყველა ქართველი დევნილის აფხაზეთში დაბრუნება გამორიცხულია - ვინაიდან დევნილთა უმრავლესობა სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს საქართველოს მხარეს იბრძოდნენ.
აფხაზური მხარე მოითხოვს ყველა ქართველი დევნილის მონაცემთა ბაზის შემოწმებას მათი რეალური რაოდენობის დადგენის მიზნით. ასევე იმ მიზნით, რომ დადგინდეს იმ დევნილთა რაოდენობა, რომლებსაც აქვთ სურვილი, მზად არიან და რაც მთავარია აქვთ უფლება დაბრუნდნენ აფხაზეთში. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში რომელსაც სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგანგებო განცხადება სეპარატისტთა საგარეო უწყებამ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ქართველი დევნილების შესახებ რეზოლუციის მიღების საპასუხოდ გააკეთა.
სეპარატისტთა ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც აფხაზეთის საქართველოსადმი კუთვნილებაა დაფიქსირებული და "დამახინჯებულია რეალობა, ხელს არ უწყობს დევნილთა საკითხების გადაწყვეტაში პროგრესის შეტანას".
სეპარატისტთა ე. წ. საგარეო უწყების მიმართვაში გაეროს გენერალური ასამბლეისადმი ნათქვამია, რომ ეს რეზოლუცია, რომელშიც აფხაზეთი საქართველოს კუთვნილებაა სერიოზულად აღსაქმელი არ არის.
"იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოებია, ამჟამად არსებული ახალი რეალობების გათვალისწინებით, აფხაზური მხარე აუცილებლად მიიჩნევს აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკაში დევნილების დასაბრუნებლად, ახალი მექანიზმებისა და ფორმატების შემუშავებას", _ ნათქვამია მიმართვაში და აღნიშნულია, რომ აფხაზური მხარე ღრმადაა დაინტერესებული დევნილების დაბრუნების საკითხის გადაწყვეტასთან.
ამას გარდა, აფხაზური მხარე ღიად აცხადებს, რომ ყველა ქართველი დევნილის დაბრუნებას აფხაზეთში შეუძლებლად მიიჩნევს.
"შეუძლებლად მიგვაჩნია ყველა ქართველი დევნილის დაბრუნება აფხაზეთში, ვინაიდან მათი უმრავლესობა სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ აფხაზი ხალხის გენოციდში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს", _ ნათქვამია სეპარატისტების მიმართვაში.
მეტიც, აფხაზი სეპარატისტები აღნიშნულ მიმართვაში ასევე აცხადებენ, რომ აფხაზეთში მცხოვრები ქართველების დიდი ნაწილი, აფხაზეთის ძირძველი მოსახლეობა როდი იყო.
"დევნილების დიდი ნაწილი სტალინის მიერ იქნა აფხაზეთში ჩასახლებული, რითაც ძალისმიერად შეიცვალა აფხაზეთში დემოგრაფიული ბალანსი", _ წერენ სეპარატისტები.