აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტის წარჩინებულ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებზე, პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ განათლება, რომელსაც სახელმწიფო აწვდის ახალგაზრდებს უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, რათა სწავლის დამთავრების შემდეგ ყველა ახალგაზრდამ შეძლოს წარმატებით დასაქმდეს სხვადასხვა სფეროში.
"დიდი ყურადღება დაეთმობა განათლებას და შემდეგ უკვე კარიერულ განვითარებას. ჩვენი ამოცანაა საქართველო გახდეს ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ერი. ამას დასჭირდება ბევრი მუშაობა. საჭირო იქნება თქვენი მხრიდან ჩართულობა და მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ ეს სურვილი თქვენგანაც მოდის. წელს უკვე ძალიან მნიშვნელოვნად გაიზრდება განათლების დაფინანსება და დაახლოებით, ბიუჯეტის მეოთხედი გადანაწილდება განათლების სფეროზე. არცერთ მონდომებულ ახალგაზრდას არ უნდა შეექმნას შეფერხება განათლების კუთხით’’, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაგრძელდა. გაიმართა ახალგაზრდობის ხელშეწყობის პროგრამების პრეზენტაცია. სტუდენტებმა კი, თავის მხრივ, წარმოადგინეს განათლების სისტემის განვითარების საკუთარი ხედვა. მოწვეული სტუმრები გაეცნენ ახალგაზრდების ინიციატივითა და ჩართულობით განხორციელებულ პროექტებს და მოისმინეს სამი ქედელი ახალგაზრდის გამოცდილება თუ როგორ მოხვდნენ საფრანგეთში გაცვლითი პროგრამით.
შეხვედრის შემდეგ, ქედის მუნიციპალიტეტის ცხრა წარჩინებული მოსწავლე ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოეს.
ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.