პაკისტანის არმიამ ინდოეთში ჯამუ და ქაშმირის შტატის დასახლებულ პუნქტებს ცეცხლი გაუხსნა და ამით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მეშვიდედ დაარღვია.
ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც 14 თებერვალს ინდოეთის სამხედრო პოლიციის ავტომობილების კოლონასთან თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. დაიღუპა 45 ადამიანი. თავდასხმაზე პასუხიმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჯაეშ-ე-მუჰამედმა“ აიღო.
26 თებერვლის ღამეს ინდოეთის ავიაციამ დარტყმები მიაყენა „ჯაეშ-ე-მუჰამედის“ საწვრთნელ ბანაკს ქაშმირის პაკისტანის ნაწილში. განადგურდა 300 მებრძოლი, ასევე ტრანსპორტი, იარაღი და საბრძოლო მასალა.
27 თებერვალს, ისლამაბადმა განაცხადა, რომ პაკისტანელმა სამხედროებმა ინდოეთის ორი თვითმფრინავი ჩამოაგდეს და მათი პილოტები დაატყვევევს.
ქაშმირში შექმნილმა დაძაბულმა ვითარებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ინდოეთი და პაკიტანი ბირთვულ იარაღს ფლობენ.
ნიუ-დელისა და ისლამაბადს ტრადიციულად დაძაბული ურთიერთობა აქვთ პოლიტიკური, ისტორიული და ტერიტორიული უთანხმოების გამო, კერძოდ, ქაშმირის ოლქის სტატუსთან დაკავშირებით.
ეს ტერიტორია სადაოა, სადაც ინდოეთსა და პაკისტანს შორის ოფიციალური საზღვარი არ არსებობს. ორი სახელმწიფოს არმიას კონტროლის ხაზი ყოფს.
ჯამუ და ქაშმირის შტატში აქტიურად მოქმედებენ სეპარატისტები, რომლებიც დამოუკიდებლობის ან პაკისტანთან შეერთებისთვის იბრძვიან.