დღეს, 14 სექტემბერს, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი, პროფესორი ვოლტერ კელინი აფხაზეთს ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კელინი სოხუმში სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს და აფხაზეთში არსებულ ვითარებას გაეცნობა.
შეგახსენებთ, რომ ვოლტერ კელინი საქართველოს 13 სექტემბერს ეწვია და შეხვედრებს მართავს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, გაეროს ოფიციალურ პირებთან, სხვა პარტნიორებთან.
ვიზიტის ბოლოს, 16 სექტემბერს, 15:00 საათზე, გაეროს სახლში შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართება.
კელინი სამხრეთ კავკასიაში ტურნეს 18 სექტემბერს ერევანში დაასრულებს.