5 თებერვალს, 9:55 საათზე, გამოცხადდება სასამართლო გადაწყვეტილება საქმეზე, რომელშიც თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები სუს-ს მათი შვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ედავებიან. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს. მოსარჩელეების ინტერესებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“(EMC) წარმოადგენს.
2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სხვადასხვა დროს გაკეთებულ საჯარო განცხადებებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მტკიცებით ფორმაში უთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ კავშირებზე. საქართველოს კანონმდებლობით კი პირი უდანაშაულოდ მიიჩნევა მანამ, სანამ მის მიმართ გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი არ დადგება.
აღსანიშნავია, რომ თემირლან მალაჩიკაშვილსთვის ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ ყოფილა და მას არც ბრალდებულის სტატუსი ჰქონია.
EMC მიიჩნევს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მტკიცებით ფორმაში თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავეობაზე მითითება, არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას.