შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მოპოვებას ულოცავს. მილოცვის ტექსტი შემოქმედის ეკლესიის "ფეისბუკ" გვერდზე გამოქვეყნდა.
„ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია, ავტოკეფალური ეკლესია იყვეს, რამეთუ იგი საუკუნეები იბრძოდა, მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია. აგრეთვე, მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს“, – ნათქვამია მეუფე იოსების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 5 იანვარს სტამბოლში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი მოაწერა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს, რითაც გამარჯვებით დასრულდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა.
საქართველოს ეკლესიას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია ჯერ არ გამოუხატავს.