იუსტიიის უმაღლესი საბჭოს მდივანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ არსებულ დამოკიდებულებაზე საუბრობს. გიორგი მიქაუტაძემ ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
“თითოეული კანდიდატი, რომელიც ჩვენ გვყავდა წარმოდგენილი, მზად არის, რომ სრულიად გამჭვირვალედ, ნებისმიერ კრიტერიუმს და ნებისმიერ რეგულაციას, რომელიც შემუშავდება, დაექვემდებაროს და საერთო წესით გასცეს პასუხი ყველა კითხვას. ჩემი პოზიციაა, რომ არ შეიძლება კრებსითად რაღაც ბრალდებების წამოყენება წარმოდგენილი კანდიდატურების მიმართ. ეს არის ინდივიდუალურად, თითოეული კანდიდატურის მიერ გასაცემი პასუხები კითხვები. დრო მოვიდა მეტი კონკრეტიკა შევიტანოთ, თითოეულ კანდიდატთან თუ არსებობს კითხვები და პრეტენზიები, კონკრეტულად იყოს წარმოდგენილი ეს შეკითხვები და პრეტენზიები. თითოეული კანდიდატი მზად არის აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ გასცეს ამ შეკითხვებს პასუხი
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იუსტიიის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ არ გამორიცხა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ წარდგენილ სიას მხარი არ დაუჭიროს, რის გამოც უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეთა კანდიდატურები ჩავარდება. კობახიძის თქმით, შემუშავებული იქნება მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის ისეთი პროცედურა, რომელსაც უკვე წარდგენილი კანდიდატებისთვის უკუძალა ექნება. კობახიძის თქმით, ორგანული კანონი დაადგენს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, კანონის ამ დებულებას ექნება უკუქცევითი ძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარმოდგენილი მოსამართლეთა განახლებული სია.
2018 წლის 4 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
მოსამართლეთა სიამ მმართველ გუნდში დაპირისპირება გამოიწვია.