"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი გრიპის ვირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მოითხოვს.
ნათელაშვილის განცხადებით, მთავრობა გრიპის ვირუსს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. ის მოითხოვს, ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა და გრიპის ვირუსის სამკურნალო მედიკამენტები ქვეყნის მასშტაბით უფასოდ დარიგდეს.
"საახალწლოდ ქვეყანას მოედო გრიპის ეპიდემია. გარდაცვლილია ათეულზე მეტი ადამიანი. ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ ვირუსული ტრაგედიაც გამოიყენა მილიონების საშოვნელად, შექმნა აფთიაქებში წამლის ხელოვნური დეფიციტი, მედიკამენტების გაყიდვა კი დაიწყო ხუთმაგად და ათმაგად გადიდებულ ფასებში. მდგომარეობა სერიოზულია. მოვითხოვ, კონსტიტუციის თანახმად მთელს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, მედიკამენტების გაცემას და მკურნალობას სრულიად უფასოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფას, სასწავლო პროცესის გადავადებას ეპიდემიის ჩავლამდე", - განაცხადა ნათელაშვილმა.