შოთა ხაბარელი დღეს იუბილარია. ცნობილ ქართველ ძიუდოისტს, სპორტის დამსახურებულ ოსტატსა და საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრს დღეს 60 წელი შეუსრულდა. შოთა ხაბარელი 1958 წლის 26 დეკემბერს დაიბადა.
მან 1982 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი. სსრკ (1982) და სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის (1983), ევროპის (გუნდური, 1979, მილანი; 1985 ბრიუსელი) და XXII ოლიმპიური თამაშების (1980, მოსკოვი) ჩემპიონი. ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა (1979, 1982) და ბრინჯაოს (1981, 1983), აგრეთვე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს (1983) პრიზიორი.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1987-1991 და 1997-2009 წლებში. 2002, 2003, 2006 და 2008 წლებში ევროპის საუკეთესო მწვრთნელად არის დასახელებული.
დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
2012 წლის 31 მაისიდან შოთა ხაბარელი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია. საპარლამენტო არჩევნებში დასახელებული იყო კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატად. კრწანისის უბანში ხაბარელმა 57.18%-ით გაიმარჯვა და საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.