"ქართული მხარის წარდგენილი თავხედური დოკუმენტი" უწოდა ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც აღიარებულია აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ადამიანების ქონებრივი უფლებები.
"ეს ქართული მხარის მიერ მომზადებული და გაეროში წარდგენილი თავხედური დოკუმენტია და სხვა არაფერი, რომელსაც ჩვენთან არავითარი კავშირი არა აქვს", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი.
მისივე თქმით, "რატომ არავინ ჰკითხა სამხრეთ ოსეთს საქართველოს ფაშისტური სახელმწიფოდან დევნილ 100 ათასზე მეტ ადამიანზე".
"მათ უფლებები არა აქვთ? ეს რა გაეროს საქმე არ არის? გაეროს კი ურჩევნია ჯერ აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება უკვე საუბარი ჩვენს მიერ გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციების არა თუ შესრულებაზე წაკითხვაზე მაინც", _ განაცხადა ჩოჩიევმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა "ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და დევნილის და მათი შთამომავლების უფლებები, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში საკუთარ სახლებში დაბრუნების თაობაზე".
ასამბლეაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია "აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან / სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მდგომარეობის შესახებ".
რეზოლუციაში გამოხატულია შეშფოთება კონფლიქტების შედეგად საქართველოში დემოგრაფიული სიტუაციის ძალისმიერი შეცვლის შესახებ.
ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმულია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა ქონებრივი უფლებების დაცვის აუცილებლობა და აღნიშნულია მათი საკუთრების შეძენაზე თავის შეკავების შესახებ.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ გენერალური ასამბლეა დემოგრაფიული ვითარების ძალისმიერად შეცვლას დაუშვებლად მიიჩნევს.
კენჭისყრის მიხედვით რეზოლუციას მხარი დაუჭირა 50 სახელმწიფომ, წინააღმდეგ მისცა ხმა 17-მა, ხოლო 86-მა სახელმწიფომ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.