ვისაუბრებთ ყველა აქტუალურ საკითხზე, აბსოლუტურად ყველაფერზე, რაზეც დეპუტატებს კითხვები ექნებათ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლასთან და მის ფორმატთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველა დეპუტატის შეკითხვას, იქნება ეს ოპოზიციის თუ უმრავლესობის წარმომადგენელი - გაეცემა პასუხი.
„საკითხი დგას ძალიან მარტივად - დაგვიბარეს პარლამენტში დეპუტატებმა, შეკითხვები აქვს არა მხოლოდ უმცირესობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, არამედ უმრავლესობასაც, მათ შორის ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება ფართო საზოგადოებას ვესაუბროთ ამ საკითხებზე, რასთან დაკავშირებითაც მინისტრთან შეკითხვები არსებობს. ყველა დეპუტატის შეკითხვას, იქნება ეს ოპოზიციის წარმომადგენელი, თუ უმრავლესობის წარმომადგენელი - გავცეთ პასუხი. დაგვიბარეს პარლამენტში - მოვდივართ. აქამდეც არაერთხელ დავუბარებივართ პარლამენტში და ჩვენ ყოველთვის ვცხადდებოდით. როგორც მოგეხსენებათ, ახალი რეგლამენტის პირობებში, საპარლამენტო კონტროლი კიდევ უფრო გაძლიერებულია და ჩვენ ამ ნორმების ფარგლებში მოვდივართ. ვისაუბრებთ ყველა აქტუალურ საკითხზე, აბსოლუტურად ყველაფერზე, რაზეც დეპუტატებს კითხვები ექნებათ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში ხვალ მივა.