შპს "ფაუნას" სამონადირეო მეურნეობის დაცვის უფროსს ზურაბ გოგოლაძეს უცნობმა პირმა სამონადირეო მეურნეობაში ტომარაში ჩადებული შვლის თავი, ფეხები, ტყავი და მუქარის წერილი გაუგზავნა. უცნობი პირი წერილში აღნიშნავს, რომ სანამ გოგოლაძეს სამონადირეო მეურნეობიდან არ გაათავისუფლებენ, ცხოველებს მანამდე დახოცავს.
გაზეთ „სპექტრის" ინფორმაციით, ზურაბ გოგოლაძე აღნიშნულ ფაქტს სამონადირეო მეურნეობის დაცვას უკავშირებს. მისი თქმით, ის ბრაკონიერებს ებრძვის და შესაძლოა, მათი მხრიდან ეს შურისძიების თაობაზე გაფრთხილება იყოს.
შპს „ფაუნას" სამონადირეო მეურნეობა ლაგოდეხის რაიონში, ჭიაურის ტყის ტერიტორიაზეა განთავსებული.
მომხდარის შესახებ სამონადირეო მეურნეობის ხელმძღვანელობამ გარემოს დაცვის ინსპექციას და შს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოს აცნობა, მაგრამ ორივე უწყებამ ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბრაკონიერები ჭიაურის ტყეში შველზე მასობრივად ნადირობენ, რაზედაც გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიურო რეაგირებას არ ახდენს.