უამრავი სიცრუე იყრება „რუსთავი 2“-ის მხრიდან, სირცხვილია, უცხოელები არიან გაოგნებული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომელმაც საკუთარი არჩევანი ოჯახის წევრებთან ერთად დააფიქსირა.
მისი თქმით, ექსცესების მცდელობები იქნება, თუმცა მეორე მხრიდანაც მობილიზება არის საკმარისზე მეტი.
„თუმცა მობილიზება მეორე მხრიდანაც არის ძალიან კარგი და ნახეთ თქვენ, რომ პიარსა და სიცრუეს მეორე ტურში ღირსეულად უპასუხა „ქართულმა ოცნებამ“. ისევე მოხდება დღესაც, მცდელობები იქნება ძალიან დიდი. უამრავი სიცრუე იყრება „რუსთავი 2“-ის მხრიდან, სირცხვილია, უცხოელები არიან გაოგნებული. უამრავი სიცრუე მოდის ტელევიზიებიდან. 10-დან 9 შემთხვევაში გაჟღერებული ინფორმაცია „რუსთავი 2“-ზე არის სიცრუე, მაგრამ მობილიზება არის მოსახლეობის მაღალი. დამკვირვებლებიც კარგად გაერკვნენ, ჩემი სამეგობროც არის კარგად მობილიზებული, არასამთავრობოებიც სწორ განწყობაზეც დგანან და ობიექტურად შეფასდება დღევანდელი არჩევნები. ძალიან დიდი სურვილია იმის, რომ ჩვენ კიდევ ერთი ფურცელი ჩავწეროთ ჩვენს უახლოეს ისტორიაში, რომ ჩვენ ვართ, განათლებული, ღირსეული და კულტურული ერი. ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ და უნდა ვამხილოთ ის უკულტურობა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ჩადიან“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევენ.მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658. ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში ამომრჩეველთა რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა. არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.არჩევნებს აკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
ეს ბოლო არჩევნები იქნება, როდესაც სახელმწიფოს მეთაურს პირდაპირი გზით აირჩევენ. პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან კი კონსტიტუციის ახალი რედაქცია თავისი ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი ცვლილებით – პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით, შევა ძალაში.