ყვარლის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება სავრაუდოდ დღის ბოლომდე მოხერხდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძემ განუცხადა.
"ჩვენი გათვლებით ხანძრის ჩაქრობას დღესვე შევძლებთ", - განაცხადა ხაჩიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში და დასძინა, რომ ტყეში ხანძრის მხოლოდ მცირე კერებია დარჩენილი.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი ტყეში გუშინ, 15:00 საათისთვის შენიშნეს. მთელი დღის განმავლობაში ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომლები ცეცხლის ჩაქრობას უშედეგოდ ცდილობდნენ. ცეცხლი 50 ჰექტრამდე ტყეს, ყვარლიდან რამოდენიმე კილომეტრში, ვაზოვანის ტერიტორიაზე უკიდია. ხანძარი დიდი დაქანების ფერდობზეა, რის გამოც სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება გართულებულია.
ადგილზე მობილიზებული არიან გარემოს დაცვის სამინიტროს სატყეო სააგენტოს, კახეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები, ადგილობრივი მოსახლეობა. ამჟამად მუშაობს საგანგებო სიტუაციების ვერტმფრენი.
ამ ეტაპზე ხანძარი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.
ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად შსს-ს ყვარლის რაიონულ სამმართველოში გამოძიება მიმდინარეობს.