სსიპ "ბათუმის ბულვარი"-ს ორგანიზებით მსოფლიო ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, მსოფლიოს ყველა ბავშვის მიმართ სოლიდარობის გამოცხადების ნიშნად, გამოიფინა აჭარის რეგიონის მოსწავლეთა ნახატები თემატიკაზე " ჩემი კეთილდღეობა" და ათი საუკეთესო მშობლის "წერილი შვილს", რომელთაც ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სამახსოვრო საჩუქრები და სერთიფიკატები გადასცეს. გუშინ გამართულ ღონისძიებაზე, ბულვარის ხელმძღვანელმა ირაკლი ჯინჭარაძემ ახალი ინიციატივა დააანონსა,რომელიც ბავშვზე ზრუნვის კეთილშობილური მიზნის განხორციელებას მოიცავს. ერთ - ერთ ინიციატივაში იგულისხმება ბულვარის ტერიტორიაზე კონტეინერების განთავსება მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის ტანსაცმლის და წიგნების შეგროვების მიზნით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, ბავშვზე ზრუნვის სფეროში რეგიონში განხორციელებული ფასდაუდებელი საქმიანობისთვის სპეცილური სამადლობელო სიგელი გადასცა. ღონისძიების ფარგლებში, სსიპ ბათუმის ბულვარმა აჭარის ა.რ. განათლების კულტურის და სპორტის სამინისტროსთან,.სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და ბათუმის შ.რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიზანია სამომავლოდ ბავშვთა განათლების ხელშეწყობა, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და მათი ჩართულობა საზოგადოებრივ საქმიანობაში. ბულვარის ადმინისტრაცია მომავალი წლიდან აქტიურად გეგმავს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან კოორდინირებით სოციალური პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვას.