კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულსამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს ქობულეთის გამწვანების დირექტორი თამაზ პაპუნაიშვილი, რომელმაც მოქალაქეს ზღვისპირა პარკში ატრაქციონის განთავსების ნებართვის გაცემის სანაცვლოდ გამოსძალა 1000 აშშ დოლარი. ასევე ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია გორის გამგეობის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილების უფროსი მარიამ ორჯონიკიძე და სოფელ კარალეთის რწმუნებული ზვიად ბერიანიძე, რომლებმაც მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოსძალეს 2000 ლარი.
დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.