ყვარლის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაპუნა ხაჩიძემ განუცხადა.
"ხანძრის ჩაქრობაში სატყეო დეპარტამენტი, სახანძრო-სამაშველო სამსახური, ადგილობრივი მოსახლება და ავიაციაც არის ჩართული, თუმცა ამ დრომდე ხანძრის ლოკალიზება ვერ შევძელით", - განაცხადა ხაჩიძემ.
მისივე ინფორმაციით, ცეცხლი 20 ჰექტარამდე ტყეს ყვარლიდან 5 კილომეტრში, ე.წ. ვაზოვანის ტერიტორიაზე უკიდია.
ამ ეტაპზე ხანძარი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.
შეგახსენებთ, ხანძარი ტყეში გუშინ, 15:00 საათისთვის შენიშნეს. მთელი დღის განმავლობაში ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომლები ცეცხლის ჩაქრობას უშედეგოდ ცდილობდნენ.
გუშინვე ხანძარი იყო ყვარლის რაიონის სოფლების მთისძირის და საბუეს ტყეებშიც. სოფელ შილდის თავში კი რამდენიმე ჰექტარზე საძოვრები დაიწვა.
ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად შს ყვარლის რაიონულ სამმართველოში გამოძიება მიმდინარეობს.