დღეს, 6 სექტემბერს, მოსკოვში ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება.
6-8 სექტემბერს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასოპარეზებენ, 10-12 სექტემბერს თავისუფალი სტილის მოჭიდავეები.
მოსკოვში მიმავალ დელეგაციას რუსულმა მხარემ ერთი "სიურპრიზი" უკვე გაუკეთა - ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ კახა გეწაძეს ვიზა არ მისცეს, ისე, რომ მიზეზიც არ დაუსახელებიათ. "ჩემს დაბლოკვას ორი მთავარი მიზეზი აქვს. პირველი ის, რომ რუსეთის დედაქალაქში მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ყრილობაც უნდა გაიმართოს. მასზე პრეზიდიუმის წევრთა არჩევნები შედგება. რუსებმა მშვენივრად იციან, რომ მათ კანდიდატებს მხარს არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერდი.
მეორე მიზეზი, კი ისაა, რომ ჩემი იქ ყოფნის შემთხვევაში, ქართველი სპორტსმენების დაჩაგვრას ვერ შეძლებდნენ. დარწმუნებული ვარ, მაქსიმალურად შეეცდებიან, დარბაზში საქართველოს ჰიმნი არ აჟღერდეს. იმედია ეს დაბრკოლება ჩვენი ბიჭებისთვის დამატებითი მუხტი გახდება, რათა წარმატებულად იჭიდაონ და გულშემატკივრები გაახარონ" - განაცხადა კახა გეწაძემ.
მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ დღეს - 6 სექტემბერს მედლები ბერძნულ-რომაულ სტილში 55, 66 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება და საქართველოს სახელით ხალიჩაზე ლაშა გოგიტაძე (55 კგ), მანუჩარ ცხადაია (66 კგ) და სოსო ჯაბიძე (96 კგ) გავლენ. 7 სექტემბერს, ჩემპიონ-პრიზიორები 60, 84 და 120 კილოგრამებში გამოვლინდებიან. ამ დღეს ხალიჩაზე რევაზ ლაშხი (60 კგ), ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) და გურამ ფერსელიძე (120 კგ) გავლენ 8 სექტემბერს კი 74-კგ. კატეგორიაში მანუჩარ კვირკველია იასპარეზებს.
10 სექტემბერს ტავისუფალ სტილში ბესიკ გუჩაშვილი (55 კგ) იჭიდავებს. 11 სექტემბერს - 60, 84 და 96 კგ-ში, ხოლო 12-ში - 66, 74 და 120 კგ-ში საქართველოს ნაკრების ღირსებას მალხაზ ქურდიანი (60 კგ), ოთარ თუშიშვილი (66 კგ), გელა საღირაშვილი (74 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ), გიორგი გოგშელიძე (96 კგ) და ლევან ბერიანიძე (120 კგ) დაიცავენ.