ბერლინის 68-ე საერთაშორისო კონოფესტივალის გამარჯვებული რუმინელი რეჟისორის, ადინა პინტილეს ფილმი „არ შემეხო“ გახდა. კინოსამყარომ კიდევ ერთი რუმინელი რეჟისორი გაიცნო - ადინა პინტილე, რომელიც თავის ინტიმურ ფილმში „არ შემეხო“, რეალობასა და სექსუალურ წარმოსახვას შორის ისედაც მყიფე ზღვარს თითქმოს ბოლომდე შლის.
თითქმის ყოველთვის უცნაური თუ გამოუცნობი ფინალის მქონე ბერლინის კინოფესტივალმა ამჯერადაც გააოცა სკეპტიკოსები და თაყვანისმცმელები. შაბათს დასრულებულ 68-საერთაშორისო კინოფესტივალზე, ჟიურიმ ადინა პინტილეს ფსიქო-ფიზიოლოგიურ დრამას სახელწოდებით „არ შემეხო“, მთავარი პრიზი - „ოქროს დათვი“ გადასცა.
„მითხარი, როგორ გინდა რომ გიყვარდე და გავიგებ როგორ გიპასუხო“ - მთავარი გმირის, რეჟისორი-ქალის ეს პრეტენზიული და ფილოსოფიური ფრაზა, სინამდვილეში ფიზიოლოგიური სამყაროს გასაღებია, რომელმაც ტრავმირებული და ტაბუირებული სექსუალური სამყაროს კარი უნდა გააღოს. თუმცა, არა მგონია ეთიკური იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ცხოვრებაზე საჯარო „დაკვირვება“ და შემდეგ ამის გამართლება ადამიანზე ზრუნვით.
ჟიურის დიდი პრიზი მალგოჟატა შუმოვსკას „სახეს“ გადაეცა, რომელიც პოლონეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქშის განაპირას ქრისტეს უზარმაზარი ქანდაკების მშენებლობის შესახებ მოგვითხრობს. პარალელურად, ფილმი მძაფრი სოციალური კრიტიკითა და ეკლესიის ინსტიტუტისადმი ირონიით გამოირჩევა. სხვათა შორის, კრიტიკოსთა დიდი ნაწილი გამარჯვებას სწორედ ამ ფილმს უწინასწარმეტყველებდა და ორივე ფილმი - „სახე“ და „არ შემეხო“ საკონკუროსო პროგრამის ბოლო დღე უჩვენეს.
„ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა უეს ანდერსონის ანიმაციას „ძაღლების კუნძული“, რომლითაც გაიხსნა წლევანდელი ფესტივალი და რომელშიც ერთ-ერთ ძაღლს ბილ მიურეი ახმოვანებს. როცა დაჯილდოებისას იგი სცენაზე ავიდა (რეჟისორი დარბაზში არ იმყოფებოდა) ჯორჯ კენედის ისტორიული ფრაზის პერიფრაზირება შესანიშნავი ირონიით მოახერხა: „მე არა მარტო ბერლინელი ვარ, არამედ ბერლინელი ძაღლიც ვარ!“
საუკეთესო სცენარისთვის „ვერცხლის დათვი“ გადაეცა მექსიკელი რეჟისორის ალონსო რუისპალასიოსის ფილმს „მუზეუმი“, რომელშიც მთავარ როლს გაელ გარსია ბერნალი ასრულებს. მისი თაყვანისმცემლები უფრო მეტსაც მოელოდნენ, რომ მსახიობს საუკეთესო სამსახიობი ნამუშევრისათვისაც დააჯილდოვებდნენ. თუმცა ჟიურიმ მას ახალგაზრდა ფრანგი მსახიობი ანტონი ბაჟონი ამჯიობინა. „ვერცხლის დათვი“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ანა ბრუნს გადაეცა, რომელიც მთავარ როლს ასრულებს დახვეწილ ფსიქოდრამაში „მემკვიდრეები“.
თეიმურაზ ჭუმბურიძე