ბარათაშვილის აღმართზე ტრანსპორტის მოძრაობა სარემონტო სამუშაოების გამო იკრძალება, ნათქვამია თბილისის მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
აკრძალვა 28 სექტემბრის 21:00 საათიდან 30 სექტემბრის 09:00 საათამდე იმოქმედებს. დროის ამ მონაკვეთში დაგეგმილია ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგების პროცესის დასრულება, შემდგომი სამუშაოები ტროტუარზე გაგრძელდება.
ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია 24 ივლისს დაიწყო. პროექტი სანიაღვრე ქსელის აღდგენას, სადრენაჟო სისტემის, ბაზალტის ბორდიურებისა და ტროტუარის მოწყობას, ასევე ახალი მოაჯირებისა და დეკორატიული სანათების მონტაჟს ითვალისწინებს.
პროექტის განსახორციელებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 3,2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.