დღეს, 14:00 საათზე სოფელ ინგირში საცხენოსნო დოღი „ანაკლიის თასი 2018“ გაიმართება. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ დაარსებული საცხენოსნო დოღი ყოველწლიური გახდება და მომავალში ის საერთაშორისო მასშტაბს მიიღებს.
წელს კი დოღის საპრიზო ფონდი 25 ათას ლარს შეადგენს. მასში მონაწილეობას საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ცხენოსნები მიიღებენ და ის სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე დოღში მონაწილეობას ქართული ჯიშის ცხენები, მეორე ეტაპზე - ინგლისური ჯიშის ორწლიანი, ხოლო მესამე ეტაპზე ინგლისური ჯიშის სამწლიანი ცხენები მიიღებენ.დოღის ასპარეზობებს შორის ცხენოსნები ერთმანეთს ცხენბურთში შეეჯიბრებიან, რაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ქართული ტრადიციული თამაშის გახსენებასა და აღდგენას შეუწყობს ხელს.
“ცხენოსნობა მხოლოდ სპორტი არ არის. ის ჩვენი ხასიათი, კულტურა და ტრადიციაა. ადრე ენგურის ხიდთან ყოველწლიურად იმართებოდა ქართველი და აფხაზი ცხენოსნების შეჯიბრი. ჩვენი მიზანია აღვადგინოთ საერთო კავკასიური და ქართული მხედრული ტრადიციები, მხარი დავუჭიროთ ქართული საცხენოსნო სკოლის განვითარებასა და მისი საერთაშორისო ასპარეზზე გატანა ვცადოთ,“ - განაცხადა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლიის პორტის, ქალაქისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებელი კომპანიაა, რომელიც პორტის მშენებლობის გარდა რეგიონში სხვადასხვა სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სპორტულ პროექტს ახორცილებს. აქედან გამომდინარე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს ცხენოსნობის განვითარებასა და ახალ საფეხურზე აყვანას. ცხენოსნობას, რომელსაც სამეგრელოში ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, უძველესი დროიდან მისდევდნენ და დიდი ისტორია და ტრადიციები გააჩნია.
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ერთად დიდი საცხენოსნო შეჯიბრის მხარდამჭერები “თიბისი ბანკი”, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტია.