მესამე დღეა ბათუმი მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს.
მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიების ფარგლებში აჭარაში 189 ქვეყნიდან 4000 სტუმარი იმყოფება.
საქართველო როგორც მასპინძელი ქვეყანა ოლიმპიადაზე ვაჟთა და ქალთა 3-3 ნაკრებით არის წარმოდგენილი.
მსოფლიო ოლიმპიადის მესამე დღე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გახსნა.
ბათუმის სპორტის სასახლეში მინისტრმა პირველი სიმბოლური სვლა გააკეთა. ჯაბა ფუტკარაძე ბათუმის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტთან გიორგი გიორგაძესთან ერთად სპორტსმენებს გაესაუბრა და მათ წარმატებები უსურვა.
მოგვიანებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა უცხოური მედიის 50 წარმომადგენლის შეკითხვებს სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა.
შეხვედრას ბეჭდური და სატელევიზიო მედიის, რადიოს და ინტერნეტ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საერთაშორისო მედიასთან შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა საკითხს შეეხო:
სპორტული ტურიზმის განვითარება და მისი პერსპექტივები
მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა და მისი ეკონომიკური ეფექტი აჭარისთვის
აჭარის საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალი, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები
43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება.