შავ ზღვაზე თევზჭერის ელექტრონული მონიტორინგის სისტემის პარამეტრების ევროპის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალურმა კომისიამ, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმების წერილის (LOA) ფარგლებში, საქართველოს ორი ერთეული ელექტრონული სიგნალების გადამცემი ხელსაწყო ე.წ. "ტრანსპონდერი" უსასყიდლოდ გადასცა.
მოსამზადებელი შეხვედრა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გაიმართა, სადაც GFCM-ის წარმომადგენლებმა დეპარტამენტის ინსპექტორებს, გემებზე დასამონტაჟებელი მოწყობლობების ტექნიკური პარამეტრები გააცნეს და საქართველოში არსებულ ელექტრონული მონიტორინგის სისტემასთან, ამ მოწყობილობების თავსებადობის საკითხები განიხილეს. ე.წ. "ტრანსპონდერები” ორ გემზე დამონტაჟდა და ტესტურ რეჟიმში გაეშვა.
შავ ზღვაზე თევჭერის კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით, თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებს გემებზე ელექტრონული მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება 2017 წლის პირველი ოქტომბრიდან დაევალათ. ამ სისტემის მეშვეობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შავ ზღვაში თევზჭერის კონტროლს ახორციელებს.