პედრო ალმოდოვარი 67 წლის გახდა. ცნობილი ესპანელი კინორეჟისორი პედრო ალმოდოვარ კაბალიერო 1951 წლის 25 სექტემბერს დაიბადა.
1980-იან წლებში პირველი ფილმის გადაღების შემდეგ დღემდე მას უკვე 30-მდე ფილმი აქვს დაწერილი, დადგმული და ზოგ მათგანში როლიც შეუსრულებია. მისი ფილმები აგებულია ადამიანურ ურთიერთობებზე, რომელიც ვითარდება წარმოუდგენელ გარემოებებში, დამახასიათებელი მწვავე მელოდრამითა და განზრახ ხაზგასმული „კიჩით“. ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი.
პედრო ალმოდოვარი დაიბადა კალსადა-დე-კალატრავაში სიუდად-რეალში, კასტილ-ლა-მანჩას პროვინციაში, თუმცა რვა წლის ასაკში მშობლებთან ერთად კასერესში (ესტრემადურა), გადავიდა საცხოვრებლად. საშუალო განათლება სალესიელ მამათა სკოლაში მიიღო, ხოლო საუნივერსიტეტო გამოცდები კი ფრანცისკანელი ძმების სკოლაში ჩააბარა.
თექვსმეტი წლის ასაკში მადრიდში გადავიდა, სადაც თორმეტი წელი მრავალი სამსახური გამოიცვალა, სანამ საბოლოოდ სატელეკომუნიკაციო კომპანია "ტელეფონიკა"-ში დაფუძნდებოდა. ამავე დროს ხდება თეატრალური ჯგუფის «Los Goliardos» წევრი, სადაც მცირე როლებს ასრულებს და პირველად ხვდება კარმენ მაურას. აქვე ის იწყებს მცირე მოთხრობების წერას, რომელიც სხვა ავტორებთან ერთად ლიტერატურულ ჟურნალებში იბეჭდებოდა.
1980 წელს იღებს თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს "პეპი, ლუსი, ბომი და სხვა მსგავსი გოგონები". ამ პროექტს დასაბამი მისცა ალმადოვარის ფოტონოველამ "ხშირი ერექციები" («Erecciones generales»), რომელიც ჟურნალი «El Víbora»-ს შეკვეთით დაწერა. ფილმს წელიწადზე მეტ ხანს იღებდნენ მხოლოდ გამოსაშვებ დღეებში. გადაღებისთვის საჭირო ერთი მილიონი პესეტათეატრალური ჯგუფის წევრებმა ფელიქს ტოტატეტამ და კარმენ მაურამ იშოვეს, მოწყობილობა კი მეგობრებისგან ითხოვეს. მიუხედავად ამისა, სახსრების სიმწირე მოქმედების თავისუფლების საშუალებას იძლეოდა. ფილმი მყისვე გახდა პოპულარული დამოუკიდებელ წრეებში და კინოთეატრთა ქსელ „ალფავილის“ მნახველთა შორის, სადაც ის ღამის სეანსებზე გადიოდა თითქმის ოთხი წლის განმავლობაში.
ალმადოვარს პირველი მსოფლიო წარმატება მოუტანა ფილმმა „რატომ დავიმსახურე ეს?" გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" მასზე ასე წერდა: „ეს შესანიშნავი შავი კომედიაა, უბრალოდ პატარა შედევრია!". 1985 წელს პედრო, ძმასთან, აგუსტინ ალმადოვართან ერთად ქმნის საპროდიუსერო კომპანიას «El Deseo», რომლის პირველი გამოშვება გახდა 1986 წლის ფილმი "სურვილის კანონი" ("La ley del deseo"). პირველი მნიშვნელოვანი აღიარება ალმადოვარს ფილმმა "ქალები ნერვული კრიზისის ზღვარზე" ("Mujeres al borde de un ataque de nervios") მოუტანა. ფილმმა ორმოცდაათამდე ეროვნული პრემია მიიღო და ამერიკული კინოაკადემიის ოსკარზეც იყო წარდგენილი.
1999 წელს ალმადოვარი იღებს ფილმს "ყველაფერი დედაჩემის შესახებ" ("Todo sobre mi madre"), რომელმაც მრავალ ეროვნულ პრემიასთან ერთად მოიპოვა ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი წარმატების შემდეგ უკეთესი ფილმის გადაღება ყველასთვის წარმოუდგენელი იყო, რეჟისორი 2002წელს იღებს "ესაუბრე მას" ("Hable con ella"), რომელმაც კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო პრემია და "ოსკარიც" მიიღო საუკეთესო სცენარისთვის.
ალმადოვარის მსოფლიო ტრიუმფს დაემთხვა ესპანეთის კინოაკადემიასთან ურთიერთობების გამწვავება, რომელმაც არ წამოაყენა მისი ფილმი ("ესაუბრე მას") ოსკარზე "საუკეთესო უცხოური ფილმისთვის". 2005 წელს, ალმადოვარის შემდეგმა ფილმმა "ცუდი აღზრდა" ("La mala educación") ესპანეთის "გოიას" არც ერთი პრემია არ მიიღო, რის შემდეგაც ის ძმასთან ერთად აცხადებს აკადემიიდან გამოსვლის შესახებ, კენჭისყრის სისტემასთან უთანხმოების საბაბით.
ალმოდოვარის ბოლოსწინა ფილმი შეწყვეტილი ამბორი გამოვიდა ესპანეთში 2009 წლის 18 მარტს, არის რეჟისორის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმი. კინოფილმში ირღვევა ტრადიცია და მთავარი გმირი არის მამაკაცი, რომელმაც ავტოკატასტროფის შედეგად დაკარგა თვალის ჩინი და შეწყვიტა სარეჟისორო მუშაობა. ფილმში ერთმანეთში ირევა აწმყო და წარსული და გამოყენებული. „ფილმი ფილმში“ მეთოდი კი კიდევ უფრო ართულებს ფილმის სტრუქტურას და უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს მაყურებლისაგან.