მაიკლ დუგლასი 74 წლის გახდა. ორი ოსკარისა და სამი ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი მაიკლ კირკ დუგლასი 1944 წლის 25 სექტემბერს დაიბადა.
პირველად ოსკარი აიღო 1975 წელს როგორც პროდიუსერმა ფილმისთვის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, ხოლო მეორედ ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდო მიენიჭა როგორც მსახიობს, ფილმში შესრულებული როლისთვის „უოლ-სტრიტი“. იგი ცნობილი მსახიობის კირკ დუგლასის შვილია. ჰყავს სამი ძმა.
მაიკლ დუგლასი დაიბადა ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ნიუ-ბრანსუიკში, მამამისის ამერიკელი მსახიობის კირკ დუგლასისა და დედამისის ეროვნებით ბერმუდელი მსახიობის დიანა დილის ოჯახში. მისი ბაბუა ჰარი დემსკი და ბებია ბრინა დემსკი იყვნენ ებრაელი იმიგრანტები ბელორუსიიდან, რომელიც იმ დროს საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. მაიკლის დედა და მისი მშობლები იყვნენ ბერმუდის კუნძულების ერთ-ერთი პროვინციის — დევონშირის მკვიდრნი. 1968 წელს კონექტიკუტში სწავლობდა ჩოატეს მოსამზადებელ კოლეჯში. კალიფორნიის უნივერსიტეტში (სანტა-ბარბარა) მიენიჭა ხელოვნების ბაკალავრის წოდება. სამსახიობო ხელოვნებას ეუფლებოდა ნიუ-იორკის ერთ-ერთ თეატრში.
დუგლასმა კინოკარიერა დაიწყო 1960-იანი წლების ბოლოსა და 70-იანი წლების დასაწყისში, სადაც როლებს იღებდა ნაკლებად ცნობილ ფილმებში. პირველი მნიშვნელოვანი როლი მიიღო სერიალში „სან-ფრანცისკოს ქუჩებში“, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში გადიოდა. 1975 წელს მაიკლმა კირკ დუგლასისგან მიიღო უფლება რომანის გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდაეკრანიზაციაზე, რომელიც ეგანხორციელდა იმავე წელს და ფილმმა ამერიკის კინოაკადემიის ხუთი ჯილდო მოიპოვა. ფილმში მთავარი როლი უნდა ეთამაშა კირკ დუგლასს, თუმცა მაიკლმა ჩათვალა, რომ კირკი ამ როლისთვის მეტად ხნიერია. ამრიგად ფილმში მთავარი როლი შეასრულა ჯეკ ნიკოლსონმა, რომელსაც რენდლი მაკმერფის როლის შესრულებისთვის მიენიჭა ოსკარის პრემია.
დუგლასმა 1978 წელს ითამაშა ექიმის როლი ფილმში „კომა“, ხოლო ერთი წლის შემდეგ როლი მიიღო ფილმში „ჩინური სინდრომი“, რომელიც დასახელდა, როგორც „1970-იანი წლების ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საზრიანი ფილმი“. 1984 წელს ითამაშა რომანტიკულ კომედიაში „რომანი ქვასთან“, რომელიც ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა. ერთი წლის შემდეგ გამოვიდა ფილმის სიკველი — „ნილოსის მარგალიტი“. მნიშვნელოვანი იყო ასევე ფილმი „საბედისწერო ლტოლვა“ (1987 წ.); იმავე წელს ითამაშა ფილმში „უოლ-სტრიტი“, სადაც შეასრულა მაგნატის როლი. ამ ფილმში შესრულებული როლისთვის დუგლასმა ოსკარი აიღო. 1989 წელს ენდი გარსიასთან და კეიტ კეპშოუსთან ერთად მიიღო მონაწილეობა ფილმში „შავი წვიმა“, რომლის გადაღებები ოსაკაში (იაპონია) მიმდინარეობდა. დუგლასმა წარმატებული მთავარი როლი ითამაშა ფილმში „ძირითადი ინსტინქტი“, შერონ სტოუნთან ერთად, რომლის რეჟისორი იყო პოლ ვერჰოვენი. 1990-იან წლებში დუგლასის მნიშვნელოვანი კინოროლებია: „მხილება“, „კმარა!“, „ამერიკის პრეზიდენტი“, „მოჩვენება და სიბნელე“, „თამაში“ და „იდეალური მკვლელობა“.
მსოფლიო კინოში შეტანილი განსაკუთრებული მხატვრული წვლილისათვის 1998 წელს დუგლასმა აიღო ჯილდო — „ბროლის გლობუსი“. 2000 წელს დუგლასმა თავის მომავალ მეუღლესთან კათრინ ზიტა-ჯონზთან და ბენისიო დელ ტოროსთან ერთად ითამაშა ფილმში „ვაჭრობა“. იმავე წელს კინოკრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასება მიიღო შესრულებული როლისთვის ფილმში „ვუნდერკინდები“.
2010 წლის 16 აგვისტოს გამოაცხადეს, რომ დუგლასს ყელის კიბო აქვს. მკურნალობა ქიმიოთერაპიით და დასხივებით მიმდინარეობდა. 2010 წლის 31 აგვისტოს დუგლასი გამოჩნდა დევიდ ლეტერმანის შოუში[7], სადაც დაადასტურა, რომ კიბომ მეოთხე სტადიას მიაღწია. დუგლასმა კიბოს გამომწვევ მიზეზად დაასახელა ალკოჰოლიზმი, სტრესი და თამბაქოს წევა. 2011 წლის იანვარს ინტერვიუს მიცემის დროს დუგლასმა განაცხადა, რომ სიმსივნე გაქრა.