მოსამართლეთა საჭირო რაოდენობა საქართველოში - კვლევის პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. დონორის ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში საქმეების გადატვირთულობის პრობლემის აღმოფხვრის მიზნით მოსამართლეთა რაოდენობა 380-დან 450-მდე უნდა გაიზარდოს.
კვლევა მხარდაჭერილია ევროპის საბჭოს პროექტის "სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში", ევროკავშირის პროექტის და USAID -ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის-PROLOG მიერ.
პრეზენტაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, წევრები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, მოსამართლეები და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა. ჩვენ ველოდებოდით ამ კვლევის შედეგებს და დღეს არის პირველადი შედეგების პრეზენტაცია. კვლევა შეეხება მოსამართლეთა რაოდენობის დადგენას საქართველოს მასშტაბით. კვლევის ესე ვთქვათ საწყისი შედეგები აჩვენებს რომ მინიმუმ დაახლოებით 100 მოსამართლით ნაკლები არის დღევანდელი მდგომარეობით და სწორედ ამდენი მოსამართლით გაზრდა არის მინიმუმ საჭირო რომ მართლმსაჯულების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობდეს. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს კვლევა საერთო სასამართლოების სისტემისთვის და აი ამ შედეგების მიხედვით ჩვენ უნდა დავგეგმოთ მომავალი მოქმედებები თუ როგორ უნდა მოხდეს მოსამართლეთა რიცხვის გაზრდა." -განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.