ახალი სასწავლო წელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კიდევ ერთი სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცა. თორნიკე რიჟვაძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანს ეწვია, სადაც სწავლას ადგილობრივი ბავშვები სრულად რეაბილიტირებულ სკოლის შენობაში შეუდგნენ.
სკოლის გახსნას ძენწმანელებს რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმაც მიულოცეს.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში პროექტის განსახორციელებლად აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ 440,000 აშშ დოლარი გამოყო. სარემონტო სამუშაოები აშშ-ის ინჟინერთა კორპუსის მიერ შიდა ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ (LCON-მა) განახორციელა. პროექტის ფარგლებში სრულად გარემონტდა სოფ. ძენწმანის საჯარო სკოლა, აღიჭურვა ახალი ინვენტარით და დამონტაჟდა გათბობის თანამედროვე სისტემა.
"დღეს გავხსენით ძენწმანის რეაბილიტირებული სკოლა, რომელშიც ჩართული იყო ამერიკის სამხედრო კორპუსი. მინდა ჩვენს მეგობრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათი ასეთი მხარდაჭერისთვის. სკოლა თანამედროვე სტანდარტებს აკმყოფილებს. ის მოემსახურება როგორც ძენწმანის, ასევე კორომხეთის მოსახლეობას. ვუსურვებ ჩვენს მოსწავლეებს, პედაგოგებს და მასწავლებლებს წარმატებულ აკადემიურ წელს. ასეთი პროექტები გაგრძელდება როგორც შიდა რესურსით, ასევე ჩვენი პარტნიორების დახმარებით და ძალისხმევით. მოხდება იმ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ძენწმანის საჯარო სკოლაში დასაქმებული 22 პედაგოგი 48 მოსწავლესთან მუშაობს, რომელთაგანაც 4 პირველკლასელია.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა გულისხმობს აჭარის მაღალმთიან სოფლებში საჯარო სკოლებისა და ამბულატორიების სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, რისთვისაც შენობებში ეწყობა ადაპტირებული შიდა სველი წერტილები.