ხორავს ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პარლამენტის შენობის წინ შეუძლოდ გახდა.
ადგილზე მისული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები მის დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას ითხოვენ, თუმცა, სარალიძე საავადმყოფოში გადასვლაზე უარს აცხადებს. ის კვლავ პარლამენტის შენობის წინ, აქციის მონაწილეებთან ერთად რჩება და შიმშილობას აგრძელებს.
როგორც ის აცხადებს, შიმშილობის გაგრძელებას მანამდე აპირებს, სანამ სამართალი არ აღსრულდება.
შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მე-6 დღეა, შიმშილობენ. ისინი ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ და ამბობენ, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ.
დღეს, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ, ახალი ბანერიც გაჩნდა. შვილმოკლულ მამებს სურთ, რომ მათი პროტესტის შესახებ ხმა მიაწვდინონ უცხოელ სტუმრებს და ტურისტებს.