საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სამგორის რაიონში დაშავებული ორი მოზარდი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მოინახულა.
მისი თქმით, ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე განცხადებით, ერთ-ერთ მათგანს შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.
რაც შეეხება მესამე დაშავებულს, რომელიც „ევექსის“ კლინიკაშია მოთავსებული, დავით სერგეენკოს განცხადებით, მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა. სერგეენკოს თქმით, მას უახლოეს წუთებში მოინახულებს.
„ორი მათგანი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. ერთის მდგომარეობა საშუალოა, საშუალოსა და მძიმეს შორის. პირველადი კვლევით, რაიმე მძიმე დაზიანება არ აღენიშნება, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა დარჩეს.
მეორე პაციენტთან უფრო მეტი დაზიანებაა, ახლა გადის დამატებით კვლევას. მასთან ოპერაციით ჩარევა იქნება საჭირო, თუმცა საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქირურგიული ოპერაციის შედეგად ამ დაზიანების მართვა შეიძლება.
რაც შეეხება მესამე პაციენტს, მისი მდგომარეობა დანარჩენებთან შედარებით უფრო მძიმეა და მას უახლოეს წუთებში ვნახავ. პირველ პაციენტთან არის მრავლობითი ზედაპირული დაბეჟილობები, მეორე პაციენტთან არის ხერხემლის დაზიანება. მესამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა რადგან ურგენტულად დასჭირდა ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, 101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს ნანგრევებში სამი მოზარდი მოყვა.