საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეკა ბესელიას ძმა და ვაჟი შეიწყალა.
სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ეკა ბესელიამ განაცხადა, ეს ფაქტი მისთვის მოულოდნელი იყო.
"ჩემთვის მართლაც მოულოდნელი იყო. დღეს დილით დაურეკეს ადვოკატს და შეატყობინეს, რომ ჩემი ძმა და ვაჟი შეწყალებულია. ძალიან გახარებული ვარ",- გაუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ბესელიასა და მილორავას ბრალი დაედოთ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობაში. ინცინდენტი 2009 წლის 19 აგვისტოს ქობულეთში კაფე-ბარ ~ელზაში~ მოხდა.
არასრულწლოვან რატი მილორავას ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა 2 000-ლარიან ჯარიმასთან ერთად შეეფარდა, ხოლო სერგო ბესელიას თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით და ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით.