საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური, რომელიც მონღოლეთის სამართლიანი კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყების, მონღოლეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის მიწვევით მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში იმყოფება, მონღოლეთის პრეზიდენტს ხალტმააგინ ბატულგას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში და მონღოლეთში მიმდინარე პროცესებსა და ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრეს. მონღოლეთის პრეზიდენტმა საუბარში ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს კორუფციასთან ბრძოლაში, ეკონომიკის რეფორმირებასა და ტურიზმის განვითარებაში, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს.
შეხვედრის ბოლოს ნოდარ ხადურმა მონღოლეთის პრეზიდენტს საჩუქრად გადასცა ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ახლადგამოსული წიგნი "ჩინგიზ-ყაენი". შეხვედრას ესწრებოდა აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის პრეზიდენტი, ჯემალ ინაიშვილი.