ფოთში, ნაბადის უბანში სავარაუდოდ, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ სამი პირი დაშავდა.
ისინი სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„16 წლის პაციენტი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, 29 წლის პაციენტი კი ტრავმული შოკით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. კიდევ ერთი პაციენტი უკვე ბინაზეა გაწერილი. 41 წლის პაციენტს, სამწუხაროდ, აღმოაჩნდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები და მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, გარდაიცვალა“, – განუცხადა პსაზოგადოებრივ მაუწყებელს ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სავარაუდოდ, ხელყუმბარა შემთხვევით აუფეთქდათ.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 236-ე და 124-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.