კლაუდია შიფერი დღეს 48 წლის გახდა.გერმანელი ტოპ-მოდელი და მსახიობი, რომელმაც დიდების ზენიტს 1990-იან წლებში მიაღწია, 1970 წლის 25 აგვისტოს დაიბადა.
კლაუდია გუდრუნ და ჰაინც შიფერების ქალიშვილია. მას ორი ძმა - სტეფანი და ენდრიუსი და ერთი და ანა კაროლინი ჰყავს. კლაუდია საშუალო სკოლაში უკვე პოპულარული გოგონა იყო, თუმცა, თავს ყოველთვის კლასელი გოგონების ჩრდილქვეშ გრძნობდა, რადგან სიმაღლის კომპლექსი ჰქონდა და ცდილობდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მასზე ადგილობრივ გოგონებს არც თუ კარგი წარმოდგენა ჰქონდათ, რადგან, შეძლებული ოჯახის შვილი იყო, რაც მის პატარა ქალაქში ყველამ კარგად იცოდა.
კლაუდია შიფერს ბევრი კერძო პედაგოგი ჰყავდა, ამიტომ, ის ფრანგულსა და ინგლისურ ენებს სრულყოფილად ფლობს.
კლაუდია შიფერს თავიდან ადვოკატობა სურდა, რათა მამამისის იურიდიულ ფირმაში ემუშავა. მაგრამ, 1987 წელს, 17 წლის ქერა ლამაზმანმა იურისტობა გადაიფიქრა, რადგან დიუსელდორფის ღამის კლუბში „მეტროპოლიტენის“ სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელმა მიშელ ლევატონმა შენიშნა და კონტრაქტიც მალევე გაუფორმა.
მან განათლების მიღება დაასრულა და მოდელად დაიწყო მუშაობა. კლაუდია პარიზში ჩაფრინდა ფოტოსესიაში მონაწილეობის მისაღებად, შემდგომ, ის ფრანგული ELLE-ს გარეკანზე ჩნდება, პარიზი კი მის ფოტოს თბილად ხვდება. კიდევ რამდენიმე ჟურნალის გარეკანზე მოხვედრა და მას უკვე სუპერმოდელს უწოდებენ. კარლ ლაგერფილდმა მასთან ხანგრძლივვადიანი მუშაობა ისურვა და კლაუდია შიფერიც შანელის ახალი სახე გახდა. იმხანად კლაუდია შიფერის სახით, მსოფლიოს ახალი თავთუხისფერთმიანი, ლურჯთვალება და ძალიან მაღალი მოდელი მოევლინა.